საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის ელჩების წარმომადგენლობითი ჯგუფი შეხვდა საქართველოს პრემიერმინისტრის მოადგილესა და საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს.
"შეხვედრაზე დიპლომატიური კორპუსის სახელით გამოითქვა შეშფოთება, უშიშროების სამსახურის მხრიდან სატელეფონო მიყურადების ახლახანს გამოვლენილ ფაქტებთან დაკავშირებით, რომლებიც უხეშად ეწინააღმდეგება დიპლომატიურ ურთიერთობათა შესახებ ვენის 1961 წლის კონვენციას და ზიანს აყენებს ნორმალურ დიპლომატიურ საქმიანობას საქართველოში", - ნათქვამია განცხადებაში.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ფაილებმა 13 სექტემბერს გაჟონა.
ფაილებიდან ირკვევა, რომ ქვეყანაში აყურადებენ და უსმენენ როგორც საელჩოების თანამშრომლებს, ისე უშუალოდ ელჩებს.
ფაილებში ასევე არის პირადი ინფორმაცია სინოდის წევრებზე, პატრიარქის მოსაყდრეზე, მღვდელმთავრებზე, პატრიარქის თანაშემწეებზე, ეპისკოპოსებზე, მონაზვნებსა და მათთან დაკავშირებულ პირებს. ჩანაწერების მიხედვით, უსმენდნენ საჯარო პირებს და ჟურნალისტებსაც.
ჩანაწერები 2013-2021 წლებით თარიღდება.
ჩანაწერის ავთენტურობას ადასტურებენ ის ჟურნალისტები, პოლიტიკოსები და აქტივისტები, რომელთა გვარებიც ჩანაწერებში ფიგურირებს.
პროკურატურამ, სავარაუდოდ, სუს-ის მერ მომზადებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე დაიწყო.
სუს-ის ფაილების საქმეზე უკვე გამოიკითხნენ მედიის წარომადგენლები, მათ შორის ფორმულას ერთ-ერთი დამფუძნებელი მიშა მშვილდაძე და ჟურნალისტები, ქეთი ნადიბაიძე და მარტა ქურასბედიანი.
ასევე, ტვ პირველის ჟურნალისტი, ინგა გრიგოლია და მთავარი არხის ხელმძღვანელი, ნიკა გვარამია.